Saturday, January 10, 2009

შარდენი


1672 წელს ირანისკენ მიმავალმა ფრანგმა ვაჭარმა და იუველირმა შარდენმა საქართველოშიც გაიარა. ვახტანგ მეფემ ფრანგი ვაჭარი ძმისწულის ქორწილში მიიწვია. მრავლისმნახველი ვაჭარი გააოცა მდიდრულად მორთულმა სეფამ.

„სეფა განათებული იყო ორმოცი ოქროსა და ვერცხლის დიდი მაშხალით. დაიწყო საჭმლის მორთმევა. სამნაირ პურს ვერცხლის სინებით მოჰყვა ხორცი. შემდეგ ერთმანეთის მიყოლებით შემოაქვთ სამი თავი საჭმელი: ყველა ჯურის ფლავი, ბრინჯი ხორცთნ ერთად მოხარშული, კუპატები, ყაურმა, მშვენიერი მომჟაოდ მოხრაკული ხორცი... მესამე თავი შემწვარია“.

იუველირის დაკვირვებულ თვალს სუფრაზე არც სასმისთან სიმრავლე დარჩა შეუმჩნეველი: აქ იყო ას ოცამდე ოქრო-ვერცხლის, ძვირფასი თვლებით მოოჭვილი სასმისი: ბადიები, თასები, ყანწები, კულები, აზარფეშები.

შარდენს თვალში ეცა სუფრაზე მონადიმეთა „წესიერება და თავდაჭერა“ - სუფრაზე სამი ევროპელი ვიყავით და ჩვენ უფრო მეტს ვხმაურბდით, ვიდრე ყველა ის ას ორმოცდაათი კაცი, რომელიც სეფაში იყო“, - წერს იგი.

შარდენმა, რომელსაც სხვა ქვეყნებიც ჰქონდა მოვლილი, ქართული ღვინო საუკეთესოდ აღიარა. „დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ არსად არ მოიპოვება იმისთანა ქვეყანა, სადაც ამდენსა და ასეთ შესანიშნავ ღვინოს სვამდნენ“.

სანდრო კვერნაძე

თბილისის 52-ე საჯარო სკოლა

მე-10 კლასი

ბარბარო - ვენეციელი დიპლომატი

ვენეციელი დიპლომატი ბარბარო, რომელმაც საქართველოში მე-15 საუკუნეში იმოგზაურა, გადმოგვცემს, რომ „ეს ქვეყანა მშვენიერია და ნაყოფიერი. ბლომად მოდის პური, ღვინო და სხვადასხვა ნაყოფი“. ბარბარო მოკლედ აგვიწერს ნადიმს: სადილზე შეექცეოდნენ ღომსა და ტახის მწვადს. „გარეული ღორის ხორცი შამფურზე ისე ცვრიანად იყო შემწვარი, რომ როცა სჭრიდნენ, სულ სისხლი სდიოდა. სუფრას სასმელი არ აკლდა, ღვინო უხვად იყო და განუწყვეტლივ გვაწვდიდნენ მერიქიფენი“.

სანდრო კვერნაძე

თბილისის 52-ე საჯარო სკოლა

მე-10 კლასი

კათოლიკე მისიონერები

მე-17 საუკუნის ოცდაათიან წლებში საქართველოს რომის პაპის მიერ წარგზავნილი კათოლიკე მისიონერები ესტუმრნენ. ქრისტეფორე კასტელიმ და არქანჯელო ლამბერტიმ 20 წელი დაჰყვეს ლიხთიმერეთში. კასტელიმ, რომელიც რიგიანი მახატვარიც იყო, მრავალრიცხოვანი ჩანახატები, ხოლო ლამბერტიმ ვრცელი თხზულებები დაგვიტოვა. ერთერთი ჩანაწერის თანახმად, „მამაკაცი ყველა მსმელია - ბევრის დალევა დიდ ვაჟკაცობად მიაჩნიათ. ამის შემდეგ არც ენა ერევათ, არც გონებას კარგავენ და არც ფეხი ეშლებათ“. სურათებზე მონადიმეთა შორის მშვენიერი სქესის წარმომადგენლებსაც ვხედავთ. თვით ქალები, მხატვრის სიტყვით, „სმაში ძალზე თავშეკავებულნი არიან. მრავალ ლხინს დავსწრებულვარ და არასოდეს მინახავს მსმელი ქალი“.

ლამბერტი აქვე მოგვითხრობს განთქმული მსმელის შესახებ, რომელსაც ამ მხრივ მისი სამშობლოს გარეთაც უსახელებია თავი. „ჩემს დროს იქ იყო ერთი დიდებული, რომელიც ისე გამოჩენლიყო სმაში, რომ მისი სახელი მთელ ირანშიც გავრცელდა. ირანის შაჰმა კაცი გამოუგზავნა დადიანს და შემოუთვალა, რომ ეს მსმელი გთხოვ, გამომიგზავნოო. დადიანმა სურვილი აუსრულა. ირანში მრავალი წვეულება იმართებოდა, სადაც მუდამ პატიჟებდნენ შედან ჭელიძეს. მან იქაც ისახელა თავი და ყველას სჯობნიდა სმაში. ამის გამო მუდამ ჯილდოებს იღებდა: ხან ოქროთი გაწყობილ უნაგირს, ხან ოქროთი გაწყობილ ძვირფას თოფს და ხან სხვა საჩუქრებს. საქმე იქამდე მივიდა, რომ თვით შაჰმა მოინდომა მასთან შებმა და იქამდე სვა, ვიდრე არ დასნეულდა და სული არ განუტევა. ჭელიძე კი, - დაასძენს ლამბერტი, - საჩუქრებით გამდიდრებული სამშობლოში დაბრუნდა”.
სანდრო კვერნაძე
თბილისის 52-ე საჯარო სკოლა
მე-10 კლასი